კვირის დასაწყისში სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ გვაუწყა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".
შეთქმულებაში მონაწილე ეჭვმიტანილთა წრე იდეალურად ემთხვევა რუსეთის მთავარ სამიზნე ქართველებს, რომლებსაც უკრაინის გამარჯვებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. პარალელურად ხურდება ივანიშვილის მმართველობითი სინდიკატის საკვანძო ფიგურის გარშემო ატეხილი სკანდალი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი სანდოობისა და ღრმა წვდომის სპეცსამსახურის მიერ ოცნების ელიტის მოსკოვთან ფარული თანამშრომლობისა და სინქრონული მოქმედების მასშტაბები გამოავლინა.
ქართული სინამდვილისთვის ვითარების უპრეცედენტობას, დრამატიზმსა და შეიძლება ითქვას ტრაგიზმს სძენს სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედება, რომელიც თამამად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ღალატად და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ძირგამომთხრელი საქმიანობის დაფარვის მცდელობად.
კომერციული ბანკების მიერ ავტომატურ რეჟიმში ამუშავებული შეზღუდვის პარალელურად, მტრული სახელმწიფოს ინტერესების გატარებაში მხილებულ ყოფილ მთავარ პროკურორზე პარლამენტში საქებარ სიტყვებს ვისმენთ, ქართული სპეცსამსახურები სრულ კომფორტს უქმნიან დამნაშავეს საქართველოში შემოსვლასა და გადაადგილებაზე, ეროვნული ბანკი მმართველი საბჭოს წევრების იგნორირებით ცვლის გადაწყვეტილებებს, იუსტიციის სამინისტრო კიდევ უფრო ახანგრძლივებს დანაშაულებრივ უყურადღებობას მხილებული პირის მოქალაქეობრივი სტატუსის მიმართ, 1 დღეში, დაჩქარებული წესით აგვარებინებს ქონებისა თუ ფინანსური რესურსების გადამალვა-გადაცემის პრობლემას. შედეგად: ხელისუფლება მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის რეპუტაციას და მხოლოდ მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად, ჩვენივე ჯიბიდან 2 დღეში ხარჯავს 57 მილიონ დოლარს ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად.
პარალელურად, დედაქალაქის საკრებულოში დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება და მუქარა ჯგუფური კრიმინალური თავდასხმით გრძელდება და მომხდარზე ოპერატიული რეაგირების ნაცვლად პოლიცია ოპოზიციის ლიდერებს აკავებს.
მოკლედ, მხოლოდ ბოლო დღეების ქრონოლოგიით: მთავარ მოკავშირეებთან კონფლიქტის გაღრმავებით, შეთქმულებაში დადანაშაულებით, მოსკოვთან უნისონში ქართველი მებრძოლების კრიმინალიზებით, უკრაინის მებრძოლ მთავრობასთან თანამშრომლობის ხიდების დაწვით, ღალატის, მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დაფარვით და გამოაშკარავებული დამნაშავის უდანაკარგოდ განსარიდებლად სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციით, ოპონენტებზე დემონსტრაციული, ძალადობრივი, კრიმინალური ანგარიშსწორებით -ივანიშვილის ოცნებამ ერთად დაახვავა ყველა სიმპტომი, რომლებიც ქართული სახელმწიფოს დესუვერენიზაციისა და რუსული მოდელის ავტორიტარიზმის სამხილებლად საკმარისზე მეტად დაგვიგროვდა, რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანოთ: სახელმწიფო გადატრიალება უკვე მომხდარია, კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ეროვნული ნება თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციისთვის სამთავრობო დონეზე უკუგდებული, ხელისუფლების ყველა შტო არათუ პარტიის - რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული კრიმინალურ-პოლიტიკური სინდიკატის მიერ კონტროლირებადი. ის რაც ახლა ამ ქვეყანას ჭირდება "სახელმწიფო გადმოტრიალებაა!“ რუსული ჰიბრიდული ომის შედეგების ნეიტრალიზაცია, პირველ რიგში, ნიშნავს მმართველობაში მყოფი ძალის მიერ უზურპირებული სახელმწიფო ინსტიტუტების განთავისუფლებას და მათთვის კონსტიტუციური როლების დაბრუნებას. კონსტიტუციურ ,,გადმოტრიალებას!“
მანამდე კი საჭიროა - საზოგადოების უფრო დიდი ნაწილის მიერ საფრთხის მასშტაბის გააზრება. გარდაუვალია, ეს მოხდება, რადგან რეჟიმი სპირალშია და ძალადობა გლდანის მიღმა ბევრ ეზოსა და სახლში მივა, ბევრ მშობელს გაამწარებს, იმავე ეზოში მოთამაშე ბავშვებს დააფრთხობს და ასეთი ქვეყნიდან წასვლაზე კიდევ უფრო მეტ ოჯახს დააფიქრებს.
სტატუს-კვოსთან შემგუებლობის რესურსი იწურება. იწურება ყველა სფეროში - იქნება ეს ბიზნესი, რომელსაც მყიფე სტაბილურობა ერთ დღეში შეიძლება ჩამოამხონ და მოკვეთონ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, მეცნიერებისთვის და პედაგოგებისთვის, რომელთა ღირსების შელახვასაც საზღვარი აქვს და სახელმწიფო ბიუროკრატიის იმ უდიდესი ნაწილისთვის, რომელთათვისაც ეს სფერო დასაქმების საშუალებაზე მეტად - თავისი ქვეყნის და სახელმწიფოს სამსახურია და არა რუსულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული, საქართველოს მომავლით მოვაჭრე, გაუმაძღარი, პრიმიტივი კრიმინალების ტყვეობაში ყოფნა. ამ მწარე რეალობის გააზრება - მენტალური "გადმოტრიალება" მოიტანს არჩევნებისა და არჩევანის დაცვის გზით, ჯერ კიდევ ცოცხალი ქართული სახელმწიფოს იდეის გადარჩენას, ანუ სახელმწიფო და კონსტიტუციურ "გადმოტრიალებას"!